ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი 2020 წლიდან შეუერთდა ღირებულებითი განათლების საერთაშორისო ასოციაციას AVaKE (Association for Values and Knowledge Education/ღირებულებითი განათლება და ცოდნა), რომლის მიზანია საგანმანათლებლო მოდელის VaKE კვლევა, საგანმანათლებლო პუბლიკაციების შექმნა და დანერგვა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში.
VaKE-მოდელი შექმნა ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟან-ლუკ პატრიმ ამ საკითხზე მომუშავე სხვადასხვა უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფთან ერთად.
საერთაშორისო ასოციაცია „ღირებულებითი განათლება და ცოდნა“ აერთიანებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, ბულგარეთიდან, ირლანდიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, ნორვეგიიდან და პორტუგალიიდან.
ასოციაციას ხელმძღვანელობს გამგეობა, რომელშიც ამ საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან.
2023 წელს ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის დირექტორი ეკატერინე შავერდაშვილი. ასოციაციის წევრები არიან, ასევე, ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრები თამარ მოსიაშვილი და მაგდა გოგრიჭიანი, რომლებიც ესწრებოდნენ გენერალურ ასამბლეას და მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში.
2017 წელს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და 2018 წლიდან მასწავლებლის მომზადების პროგრამებში წარმატებით მიმდინარეობს კურსი ,,ცოდნა და ღირებულებითი განათლება“, რომელსაც უძღვებიან ეკატერინე შავერდაშვილი და თამარ მოსიაშვილი. მომზადდა და გამოიცა, ასევე, ქართულენოვანი სასწავლო მასალა, რომელიც ეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე, მოქმედ პედაგოგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდების ჩაბარებაში. სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება, ასევე, ღირებულებითი განათლების მიმართულებით კვლევები სადოქტორო ნაშრომების მომზადებისა და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების მიზნით.